ათი ჩვენთვის ნაკლებად ცნობილი მუზეუმი
Ullens Center for Contemporary Art, პეკინი
ბელგიელმა კოლექციონერმა და თანამედროვე ჩინური ხელოვნების პროპაგანდისტმა ბარონმა გი ულენსმა 2007 წელს პეკინში თანამედროვე ხელოვნების ცენტრი გახსნა. Ullens Center for Contemporary Art პეკინის კვარტალ დაშანძიში, ყოფილი ელექტროდანადგარების ქარხნის ტერიტორიაზე, 8000 კვ.მ ფართობზეა განლაგებული. ბარონმა და მისმა მეუღლემ, მირიამმა, 25 წლის განმავლობაში აზიაში მოგზაურობისას ჩინური მხატვრობის, ქანდაკებისა და ვიდეოინსტალაციის 2000-მდე ნიმუში შეაგროვეს.
მათ კოლექციას ძირითადად 1980-იანი წლების ჩინური ავანგარდის ნაწარმოებები წარმოადგენს, რომელთა საყიდლად ბელგიელ წყვილს თავიანთი ევროპული კოლექციის დიდი ნაწილის გაყიდვა მოუხდა. ულენსები ამჯერად ჩინური კოლექციის გასხვისებას აპირებენ და თავიანთი საგამოფენო კომპლექსისთვის ახალ პატრონს ეძებენ.
ამ გადაწყვეტილების მიღება ჩინეთის მთავრობის მხრიდან ზეწოლამ განაპირობა - ცოტა ხნით ადრე მთავრობამ ავანგარდისტი მხატვრის აი ვაივეის ნამუშევრების გამოფენა აკრძალა. ჩინური კონტრკულტურით დაინტერესებულ პირებს ვურჩევთ იჩქარონ, სანამ ფეი დავეის, გენ ძინის, ჩჟან პეილის, ვანგა გუანის და „85-იანელთა თაობის'' სხვა ნამუშევრები ჯერ კიდევ ულენსების ხელშია და აუქციონის წესით არ გაყიდულა. ბარონი ულენსი კი საქველმოქმედო საქმიანობას ნეპალში გეგმავს. მისი ახალი კოლექცია ამჯერად ინდოელი მხატვრების ნამუშევრებით შეივსება.
ჩინეთი, პეკინი 798 Art District, No.4 Jiuxanqiao Lu
www.ucca.org.cn
Punta della Dogana, ვენეცია
სააუქციონო სახლ Christie's-სა და Gucci Group-ის მფლობელის, ფრანგი მილიარდერის ფრანსუა პინოს თანამედროვე ხელოვნების ნიმუშების კოლექცია ერთ-ერთი უმდიდრესია მსოფლიოში. პინომ თავისი კოლექციის დასაბინავებლად ორი უზარმაზარი სასახლე შეიძინა: პალაცო გრასი - იაპონელი არქიტექტორის ტადაო ანდოს მიერ 2006 წელს რეკონსტრუირებული - პინოს არასაკმარისად ტევადად მოეჩვენა, ამიტომ 2009-ში მან იმავე ანდოს 20 მლნ ევროს ჩეკი გამოუწერა. თანხა მოხმარდა ისტორიული შენობის, ბოლო 30 წლის განმავლობაში უფუნქციოდ მდგარი საზღვაო საბაჟოს - პუნტა დელა დოგანას - წესრიგში მოყვანას.
ანდოს პროექტით, პუნტა დელა დოგანაში მე-17 საუკუნის შემდეგ მიშენებული ყველა ტიხარი და სათავსო დაანგრიეს, მარმარილოთი მოპირკეთებული ფასადებს მნიშვნელოვანი რესტავრირება ჩაუტარეს, გამოცვალეს ოცი კარი, რომლებიც ზღვაზე გადიოდა: სწორედ ამ კარების საშუალებით ხდებოდა შენობაში ნებისმიერი ტვირთის შეტანა-გამოტანა. ასევე რესტავრირებულ იქნა ისტორიული შენობის აგურის კედლები და ხის სახურავები, რომლებიც ზოგ ადგილას დამუქებული მინით შეიცვალა.
პუნტა დელა დოგანას სამკუთხედი დაგეგმარების მქონე შენობა, რომელიც ხომალდის კიჩოს მოგვაგონებს, სან-მარკოს მოედნის პირდაპირ, კანალ-გრანდესა და კანალ-დელა-ჯუდეკას შორისაა განლაგებული. 2009 წელს გახსნილი მუზეუმი პინოს 2500-ექსპონატიანი კოლექციიდან 141 ნამუშევრის მუდმივ ექსპოზიციას შესთავაზებს მნახველს. ასევე მოეწყობა დროებითი გამოფენებიც.
თუ ჯეფ კუნსის, რიჩარდ პრინსის, ტაკაში მურაკამის ან დემიენ ჰერსტის ნამუშევრების ხილვა გსურთ, ჯერ ქვემოთ მითითებულ საიტს გაეცანით, შემდეგ კი ვენეციიის 53-ე ბიენალეს დაელოდეთ და ამ საოცარ ქალაქს ესტუმრეთ.
ვენეცია, იტალია Dorsoduro 2, Campo della Salute
www.palazzograssi.it
NY Carlsberg Glyptotek, კოპენჰაგენი
დანიის დედაქალაქის ცენტრში, ტრივოლის პარკის მოპირდაპირე მხარეს მდებარე „კარლსბერგის ახალი გლიპტოთეკა" 1897 წლიდან ფუნქციონირებს. მუზეუმში ძირითადად ანტიკური ხანის ქანდაკებები და ქვის ნაკეთობებია წარმოდგენილი.
მისი დამაარსებელი, ცნობილი ლუდსახარშ „კარლსბერგის" მეპატრონის შვილი, კარლ იაკობსენი გახლდათ. კოლექცია 10 000 დასახელების ექსპონატისგან შედგება - აქ ძველი საბერძნეთის, ძველი რომისა და ძველი ეგვიპტის ხელოვნების საუკეთესო ნიმუშებია გამოფენილი. რაც შეეხება ეტრუსკულ ხელოვნებას, კარლსბერგის გლიპტოთეკა იტალიის ფარგლებს გარეთ არსებულ ყველაზე მდიდარ კოლექციას ფლობს.
ანტიკური ხელოვნების ნიმუშებისთვის შენობის მარცხენა ფრთაა გამოყოფილი, რომელიც 1906 წელს არქიტექტორმა ჰეკ კამპმანმა დააპროექტა და ააშენა.
გლიპტოთეკა ასევე წარმოგიდგენთ ოგიუსტ როდენის ნამუშევრების საფრანგეთის ფარგლებს გარეთ არსებულ ყველაზე მდიდარ კოლექციას. აქვე იხილავთ დეგას მოცეკვავეების ქანდაკებებს, დანიელი და ნორვეგიელი მოქანდაკეების ნამუშევრებს. ზედა სართულები იმპრესიონისტებს აქვთ დათმობილი: რენუარის, სეზანის, მანეს, პისაროს, ვან გოგის, გოგენის, ტულუზ-ლოტრეკისა და ბონარის ფერწერული ტილოების ნახვის შემდეგ შეგიძლიათ მუზეუმის შიდა ეზოში გაშენებულ ზამთრის ბაღში დაისვენოთ და კაფეში დანიურად მომზადებული ყავა მიირთვათ.
კოპენჰაგენი, დანია, NY Carlsberg Glyptotek Dantes Plads 7
www.glyptoteket.dk
1234









































































































































































